რამდენად არის შესაძლებელი ნამდვილი სიყვარულის განცდა თუ ის ტყუილზე იქნება დაფუძნებული?
- Salo Dvalishvili
- Mar 26, 2022
- 2 min read
პედრო ალმოდოვარმა "პარალელური დედები"-ის სცენარი პანდემიისას, კარანტინში ყოფნისას დაწერა. როგორც პენელოპე კრუსი ამბობს, დიდებულმა რეჟისორმა ფილმის იდეა, ჯერ კიდევ 18 წლის წინ გაანდო, თუმცა მისი სცენარად ქცევა სწორედ საყველთაო ჩაკეტილობის დროს მოახერხა.
სურათის მთავარი გმირები არიან ქალები, რომლებიც ერთმანეთს სამშობიაროში გაიცნობენ. ერთი მათგანი 40 წელს მიღწეული ჯენისია, რომელსაც დაფეხმძიმების შანსები თითქმის არ ჰქონდა, მეორე გოგონა ანა კი, ჯგუფური ძალადობის მსხვერპლია, რომელმაც ბავშვის მამის ვინაობა არც კი იცის. სამშობიაროში გატარებული დღეების შემდეგ, ისე რომ ამას თავადაც არ მოელიან, მათი ბედი და მომავალი სამუდამოდ დაუკავშირდება ერთმანეთს.
როგორც ამბობენ ეს ფილმი ალმოდოვარის შემოქმედებაში ყველაზე პოლიტიკურია. ალბათ წინა ფილმებში ექნებოდა მცირედი პოლიტიკური აქცენტები, თუმცა "პარალელურ დედებ"-ში რეჟისორს ერთ ერთ ხაზად შემოაქვს პროტაგონისტის მიერ წინაპრების საფლავების გახსნის თემა (ჯენისის მამა ესპანეთში მიმდინარე ცნობილი მოვლენების შემდეგ დახვრიტეს და ძმათა სასაფლაოში კოლექტიურად დამარხეს). ამით რეჟისორი უპირისპირდება ყველას, ვისაც ფრანკოს ესპანეთის წარსულის დავიწყება სურს, ვინც ეწინააღმდეგება იმ დროს დახვრეტილთა ეგსგუმაციას და ადამიანურად დასაფლავებას. ალმოდოვარი შეწუხებულია იმით თუ რა გულგრილები არიან ამჟამინდელი მთავრობა და მომავალი თაობა (ანას სახით) საკუთარი წარსულის მიმართ. ამ და კიდევ მეორე მთავარი მოვლენის (რომელსაც საიდუმლოდ დავტოვებ, ფილმის ნახვის სურვილი რომ არ დაგეკარგოთ) გზავნილი არის, სიმართლის ძიება. რამდენად არის შესაძლებელი ნამდვილი სიყვარულის განცდა თუ ის ტყუილზე იქნება დაფუძნებული? ადამიანები ხშირად ვდგებით დილემის წინაშე: დავივიწყოთ წარსული, ვიცხოვროთ ტყუილში და ვიყოთ უდარდელები და ბედნიერები თუ თვალი გავუსწოროთ სიმართლეს, რაც უნდა მტკივნეული იყოს ის ჩვენთვის? თითქოს სიმბოლიურიცაა საფლავებისა და წინაპრების თემის, ახალი სიცოცხლის გაჩენის პარალელურად განვითარება. თუმცა ალმოდოვარი იმიტომაცაა გენიოსი, რომ 72 წლის ასაკშიც კი მაყურებლში მძაფრი ემოციების გამოწვევა შეუძლია.
ფილმში, როგორც პედროსგან არის მოსალოდნელი,ბლომადაა ხასხასა ფერები, მზიანი პეიზაჟები და დიდი ოდენობით დრამა. პენეს თქმის, პედრო ზამთარში სცენარს წერს, ფილმის გადაღება კი ზაფხულობით უყვარს.
პენელოპეს თამაში არის უზომოდ ბუნებრივი და ყველანაირი აღმატებითი ეპითეტით აღნიშვნის ღირსი. ვფიქრობ მან მსოფლიო კინო ისტორიაში უმაღლეს მწვირვალს უკვე მიაღწია და ამის დასტური სწორედ ჯენისის ემოციების ბუნებრივად, ძალდატანების გარეშე და მცირედი ნიუანსებით მაყურებლამდე მოტანაა. როგორც თავად აღნიშნავს, ეს ყველაზე რთულად შესასრულებელი როლი აღმოჩნდა მის ფილმოგრაფიაში. მას ეს უზადო გარდასახვა დაუფასდა და ვენეციის კინოფესტივალზე მთავარი პრიზი მოიპოვა. ვიცით, რომ კრუსი უამრავ ჯილდოზეა წარდგენილი, მათ შორის უკვე მეოთხედ, ოკარზეც. წელს იგი წითელ ხალიჩაზე მეუღლე, ხავიერ ბარდემთან ერთად გამოჩნდება, რომელიც ამ საღამოს მამაკაცის მთავარი როლის კატეგორიაშია ნომინირებული.






















Comments