არასტანდარტული დედები
- Salo Dvalishvili
- Mar 27, 2022
- 1 min read
The lost daughter ელენა ფერანტეს 2006 წელს გამოსული იმავე სახელწოდების ნოველის ეკრანიზაციაა. მეგი ჯილენჰოლის სარეჟისორო დებიუტი წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს,იმის გათვალისწინებით რომ ფილმმა უკვე გაიბრწყინა ვენეციის კინოფესტივალზე (ჯილენჰოლმა საუკეთესო სცენარის კატეგორიაში გაიმარჯვა),მისი მთავარი ვარსკვლავი ოლივია კოლმენი,მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ჯესი ბაკლი და თავად მეგი ჯილენჰოლი კი წამყვან დაჯილდოვებებზე არიან წარდგენილები,მათ შორის ოქროს გლობუსზე,საგზე და ქრითიქს ჩოისზე და რაც მთავარია ოსკარებზე.
ფილმი მოგვითხრობს 48 წლის პროფესორ, ლედა კარუზოს ბერძნულ არდადეგებზე.იგი მარტო მიემგზავრება კუნძულზე დასასვენებლად,მაგრამ მისი იდილია ირღვევა, როცა სანაპიროზე ხმაურიანი ოჯახი შემოიჭრება. მათ შორისაა ახალგაზრდა დედა და 3-4 წლის გოგონა,რომლებზე დაკვირვება ლედას საკუთარ ახალგაზრდობასთან ავლებინებს პარალელს.პლაჟზე ნანახი,მას წარსულში აბრუნებს. უყურებს რა ნინას ტანჯვას შვილის აღზრდის პროცესში,ლედას თვალები ცრემლებით ევსება,რადგან აგონდება საკუთარი თავი და ის ტკივილები,რომლებიც ახალგაზრდა დედობით და პირად განვითარებაზე და სურვილებზე უარის თქმით იყო გამოწვეული.
ოლივია კოლმენის გმირის შინაგან მონოლოგს, მეგი ჯილენჰოლი ახალგაზრდა და ახლანდელი ლედას ქცევით წარმოგვიდგენს. ფლეშბექების წყალობით ვიგებთ,რომ ძალიან ბევრი საერთო აქვთ ლედასა და ნინას.მთავარი კი ის,რომ ისინი არასტანდარტული დედები არიან,საზოგადოებისთვის მისაღებ ჩარჩოებში ვერ ხვდებიან,ვერ ითავისებენ დედობას,ნაკლებ მზრუნველობას ავლენენ შვილებისადმი და საკუთარი ეგოიზმის გამო ოჯახის მიტოვების ზღვარზე დგანან.
ამ ფსიქოლოგიურ თრილერში ბევრი უთქმელი ტკივილი,სიმართლე და სურვილებია.იგი არ იძლევა პასუხს მაყურებელში დაბადებულ კითხვებზე.სურათი სულაც არაა შვილების ყოლით ან მათი მიტოვებით გამოწვეული სინანულის ან სიხარულის ჩვენებაზე.მთავარი გმირი არც ერთ მონაკვეთში ამბობს რომ ნანობს ან ამაყია საკუთარი გადაწყვეტილებებით.
ლედა არ მოგვწონს,მაგრამ ვერ ვლანძღავთ,სწორედ ფილმის ემპათიური ხაზისა და კოლმენის ბრწყინვალე თამაშის გამო.თუნდაც ის სცენა რად ღირს, ირლანდიელ სტუდენტს, უილს სადილობისას საკუთარი ცხოვრების ინტიმურ მომენტებს რომ უზიარებს...
არ ვიცი წლევანდელ დაჯილდოვებებზე კოლმენი და ბაკლი რამდენად მოიგებენ,თუმცა ფილმში დადებული პერფორმანსით, ყველასათვის ანგარისგასაწევი კონკურენტები ნამდვილად იქნებიან.




Comments