არის თუ არა საკუთარი თავის შეცნობისკენ მიმავალი გზა რევოლუციური?!
- Salo Dvalishvili
- Dec 14, 2020
- 2 min read
#დღისფილმი Revolutionary road ფილმი მოგვითხრობს 50-იან წლებში მცხოვრებ ახალგაზრდა წყვილზე და ოჯახური ცხოვრების სირთულეებზე. სადაც არ ხარ იქ ყოველთვის კარგია. განა იმიტომ რომ მართლა კარგია, უბრალოდ ხშირად ადამიანებს რაღაც ახალი სჭირდებათ და არა რაციონალური გადაწყვეტილებები. ასეთ დროს ვიღაც უეჭველი იტანჯება. ამ გადაწყვეტილებების არ მიღების დროსაც იტანჯება ვიღაც ...
ოჯახის მოსაბეზრებელი რუტინა გავლენას ახდენს წყვილზე, მოითხოვს ბევრი საკუთარი სურვილის დათმობას, რაც არ არის მარტივი და განსაკუთრებულად რთულია განსხვავებული მოწოდების და აზროვნების ადამიანებისთვის.
ერთმანეთის ხელში საცოდავები იყვნენ. ვფიქრობ ქეითის პერსონაჟმა ვერ გაიაზრა ოჯახი, ვალდებულებები. მას ისიც არ ჰქონდა გააზრებული უყვარდა თუ არა მეუღლე, შვილები და საკუთარი თავი... ეიპრილს სადაც არ უნდა ეცხოვრა,პრობლემები არ დასრულდებოდა, რადგან პრობლემები თავად მასში იყო.. ერთი შეხედვით ლამაზი, ძლიერი, დამოუკიდებელი და ქარიზმატული ქალია. თავბრუს დაგახვევს მისი განსხვავებულობა, მაგრამ მსგავს ადამიანებს პასუხისმგებლობა არ უნდა მოსთხოვო. იბოჭებიან და ჭკუიდან იშლებიან. გვერდით მყოფ პარტნიორსაც ანადგურებენ ან მეორე შემთხვევაში, თუ მონათესავე სულს იპოვიან ერთად ბედნიერად იქნებიან.
დი კაპრიოს პერსონაჟს უყვარს ცოლი,შვილები და ოჯახი. კომფორტულადაა იქ სადაც არის. გაზრდილია, ახლა ოჯახის კაცია. ესაა ზუსტად ის რაც ცოლს არ მოსწონს. სპონტანურობა აკლია.
რაც შეეხება ე.წ 'გიჟს', მისი საშუალებით რეჟისორი ყველას სათქმელს ამბობს: ცოლის, ქმრის, მაყურებლის. რა მტკივნეულია როცა ის გესმის, რასაც ფიქრობ, რაც გგონია რომ სიმართლეა, მაგრამ ხმამაღლა ვერ ამბობ.
გარდა სიუჟეტური ხაზისა, 50-იანების ესთეტიკისა და საოცარი ქიმიისა რაც ლეოს და ქეითის გმირებს შორისაა, აღსანიშნია მათ მიერ პერსონაჟების გაცოცხლების უნიკალური უნარი. დი კაპრიო რომ ძლიერი დრამატული მსახიობია არ ახალია, თუმცა ვფიქრობ ამ ფილმში, ის უინსლეტის ჩრდილში ექცევა. ქეითის შესრულება მის ფილმოგრაფიაში ერთ ერთი საუკეთესოა თუ არა საუკეთესო. ჩემი აზრით კარიერის როლი დადო. ძალიან რთულია ასეთი ქალის განსახიერება. რთულია ისე მიიტანო მაყურებლამდე შენი გმირის განცდები, რომ ერთდროულად ეზიზღებოდე და ამავდროულად გითანაგრძნობდეს კიდეც. ეს კი უინსლეტს არაჩვეულებრივად გამოსდის.
იმავე (2008) წელს გამოდის მისი მეორე უძლიერესი ნამუშევარი „მკითხველი“ (The Reader) და ორივე როლისთვის, ერთ წელს იგებს ოქროს გლობუსს. იმავე წელს „მკითველ“-ში განსახიერებული ჰანას როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოსკარი გადაეცემა. დასანანია, რომ ორი ურთულესი და სულში ჩამწვდომი პერფორმანსიდან, ერთს სათანადო ყურადღება ვერ დაეთმო, თუმცა ვისაც უინსლეტის ფილმები უნახავს, ამ შესრულებას ვერასროს დაივიწყებს.
პ.ს. ფილმის რეჟისორი ქეით უინსლეტის იმ დროინდელი მეუღლე სემ მენდესია. https://www.imovies.cc/.../5852/Revolutionary-Road/ENG/HIGH







Comments