top of page
Featured Posts
Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

Oscars, Oscars...

  • Writer: Salo Dvalishvili
    Salo Dvalishvili
  • Feb 23, 2018
  • 5 min read

სულ ცოტა დრო რჩება კინოში წლის მთავარი მოვლენის, „ოსკარებით“ დაჯილდოების ცერემონიალის გამართვამდე.

უნდა აღინიშნოს რომ შარშანდელი წელი მართლაც გამოირჩეოდა კარგი ფილმებით და აკადემიის წევრებს რთული არჩევანის გაკეთება მოუხდათ ნომინაციების განაწილებისას, თუმცა უკვე წარდგენილ კატეგორიებში ვფიქრობ დიდი ორჭოფობა არ მოუწევთ გამარჯვებულების გამოსავლენად. არის რამოდენიმე კატეგორია სადაც თითქოს ნათელი იყო კონკურენტების ვინაობა, თუმცა მათ ნომინაციები ვერ მოიპოვეს. ასეთებად მიმაჩნია უცხოურენოვანი ფილმის კატეგორიაში თურქი რეჟისორის ნამუშევრის „In The Fade”-ის არ წარდგენა. ფილმმა ოქროს გლობუსი მოიპოვა, შარშან კი კანის კინოფესტივალზე ქალის როლის საუკეთესოდ განსახიერებისათვის ოქროს პალმის რტო ამ სურათის მთავარ ვარსკვლავ, დაიან კრიუგერს გადაეცა. ასევე დასანანია ჯესიკა ჩესტეინის ნომინაციის გარეშე დატოვება ფილმისთვის „მოლის თამაში“. საუკეთესო გრიმის კატეგორიაში არაა წარდგენილი წლევანდელი წლის ერთ ერთი ფავორიტი „წყლის ფორმა“, მოულოდნელობაა ასევე მარტინ მაკდონაჰის საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში ვერ მოხვედრა ფილმისთვის „სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური“.

სანამ ლოს ანჯელესში, დოლბის კინოთეატრში კინოინდუსტრიის ნაღები საზოგადოება შეიკრიბება და წლის შემაჯამებელ შოუს დაესწრება, სავარაუდო გამარჯვებულებზე ფსონის დადება არ წყდება. ითვლება, რომ ოსკარებს წინ რამოდენიმე ე.წ. რეპეტიცია უძღვის, რომელიც ნომინანტებისათვის სხვადასხვა ჯილდოს გადაცემით გამოიხატება. ყველაზე მეტად მაინც ოქროს გლობუსის გამარჯვებულებს უწინასწარმეტყველებენ ხოლმე ოქროს კაცუნას მოპოვებას. თუმცა ასევე წონიანი და გასათვალისწინებელი პრემიებია ბაფტა, საგა და კრიტიკოსების არჩევანი. ამ ტენდენციების და ასევე ნანახი ფილმებიდან გამომდინარე შემოგთავაზებთ ჩემს მოკრძალებულ ვარაუდს 2018 წლის აკადემის ჯილდოს პრეტენდენტების შანსებზე და მათ შორის არსებულ კონკურენციაზე.

მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის წარდგენილ მსახიობებში რომ უდავო ლიდერი გარი ოლდმენია ალბათ ყველასთვის ცნობილია. მისი გარდასახვა უინსტონ ჩერჩილად მხოლოდ გრიმიორის დამსახურება არაა. ისტორიულ ლიდერთან მაქსიმალურად მიახლოებული შესრულება მისი ხმამაღალი განაცხადია. რაც შეეხება მის კონკურენტებს, ყველაზე ღირსეული მაინც ალბათ დენიელ დეი ლუისის მიერ ცივი ბრიტანელის ვუდკოკის,ზედმიწევნით განსახიერებაა, რომლისთვისაც მთავარი ემოციების დამალვა და „შიგნიდან დუღილია“, პარტნიორს კი არაფერს უჩვენებს. წლევანდელი წლის აღმოჩენად შეიძლება ჩაითვალოს ტიმოთი შალამე, რომელმაც ისე ითამაშა „შენი სახელით მომმართე“-ში, რომ ჰომოფობებისაც კი არ დაუტოვა უარყოფითი კომენტარების გამოთქმის შანსი. დენზელი იყო და იქნება ყველა დროის ერთ ერთი საუკეთესო შემსრულებელი, მაგრამ 2018 მისი გამარჯვების წელი ნამდვილად არაა. დანიელ კალუიას ამ კატეგორიაში მოხვედრა კი ალბათ უფრო პოლიტიკური ფაქტორების და „black lives matter”-ის დამსახურებაა. ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ კონკურენტების სიმაღლეზე დგას. Get out-ის საუკეთესო ფილმის კატეგორიაში წარდგენაც ვერაა მთლად გამართლებული ამბავი.

ლოგიკურად გადავიდეთ ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლებზე. ამ შემთხვევაში ჩემი უპირობო ფავორიტი ფრენისი მაკდორმანდია. რომელიც ვფიქრობ რომ ზოგადად კინოსამყაროს ნამდვილი მარგალიტია. მის უმთავრეს კონკურენტად დაჯილდოვების სეზონის დაწყებამდე სალი ჰოუკინსი ითლებოდა. რომ არა ფრენსისის მიერ ბრწყინვალედ განსახიერებული მილდრედი, ქალი, რომელიც თავად ცდილობს სამართლის აღსრულებას, სალის შანსები ალბათ ერთი ორად გაიზრდებოდა. სირშა რონანის მიერ განსახიერებული თინეიჯერი მართლაც რომ ყველასთან იოლად მივიდა, ნამდვილი იყო და ბუნებრივი. 23 წლის ასაკში ოსკარის მესამე ნომინაცია რომ შემთხვევითი არაა ალბათ ნათელია. უზომოდ ნიჭიერი იყო ბავშვობიდან და არც ზრდასრულ ასაკში „გაფუჭებულა“ ჰოლივუდის ოქროს ბავშვებისგან განსხვავებით (აბიგაილი, დაკოტა,მაკოლეი...) . მისი გამორიცხვაც არ შეიძლება, თუნდაც გლობუსის მოგების შემდეგ, მაგრამ ალბათ მაინც კოენის მეუღლე დაისაკუთრებს მეორე ოსკარს. მერილის რეკორდული ოდენობის ნომინაცია დასაფასებელია. ძნელად მოიძებნება კინომოყვარული, ვისაც სტრიპი ჩემზე მეტად მოსწონდეს, მაგრამ წელს მისი, ისევე როგორც დენზელის წელი არაა. ამ კატეგორიას დავხურავდი მარგო რობით, რომელიც სულ რამოდენიმე წლის წინ გამოჩნდა ჰოლივუდში და მისთვის წლევანდელი ნომინაცია, ისევე როგორც თავად ტონიას როლი, ფილმში I, Tonya ტრამპლინი იქნება კინო სამყაროს მწვერვალების დასაპყრობად. ასე რომ ნომინაციაც დიდი დაქმეა. უნდა აღინიშნოს, რომ ტონიაც რეალური პიროვნებაა, და მარგოს დიდი პროფესიონალიზმი სჩანს თითოეულ კადრში. ჟესტიკულაცია, მიმიკა, ემოციები თუ საუბრის ტემბრი კიდევ ერთხელ გვიმყარებს იმ აზრს, რომ მისი სახით კინოსამყარომ უნიჭიერესი ახალგაზრდა ქალი შეიძინა.

დეტალებში რომ არ ჩავიდეთ სხვა კატეგორიებს ზოგადად მიმოვიხილავ. საუკეთესო რეჟისორი ალბათ გილერმო დელ ტორო გახდება „წყლის ფორმის“ გადაღების გამო და ამაზე პრეტენზია ძალიან ცოტა ადამიანს ექნება. ნოლანის გულშემატკივრები სავარაუდოდ წელსაც გაწბილებულები დარჩებიან. გრეტა გარვიგი კი კარგი გოგოა, მაგრამ კარგ რეჟისორობამდე დიდი გზა აქვს გასავლელი. მიუხედავად ძლიერი ნამუშევრისა, წელს პოლ ტომას ანდერსონი უოსკაროდ დარჩება, Get out-ის ჯორდან პილის სახელი კი პირველად მესმის, ფილმი არც ისე ცუდია, თუმცა საუკეთესო რეჟისორობის რა მოგახსენოთ.

მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ქალთა კატეგორიაში „მე, ტონიას“ ელისონ ჯენი ლიდერობს, რომელიც შესანიშნავ პერფორმანსს დებს. ასევე გამოვარჩევდი ლორი მატკალფს „Lady bird’-იდან დან ოქტავია სპენსერს „The shape of water”-იდან. დანარჩენი ორი ქალის ფილმები ვნახე, თუმცა საოსკარე შესრულება მათში ვერ შევნიშნე.

რაც შეეხება მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლების პრეტენდენტებს, ყველაზე მეტად აქ „სამი ბილბორდის“ დუეტის ხილვა გამიხარდა. სემ როქველი და ვუდი ჰარილსონი ნომინაციით ასაღნიშნ როლებს ნამდვილად დებენ. გამოვარჩევდი რიჩარდ ჯენკინსის და უილიამ დეფოს შესრულებებს. კრისტოფერ პლამერი კინოს მეტრია, მაგრამ წელს სემ როქველია ღმერთკაცი ფსიქოპატი პოლიციელის არანორმალურად კარგად განსახიერებისთვის.

მთავარი კატეგორია მაინც საუკეთესო ფილმის კატეგორიაა, სადაც ერთმანეთს ერკინებიან ნოლანის „დიუნკერკი“ (რომელიც მიუხედავად კრიტიკოსების მაღალი შეფასებისა, ალბათ ვერ იქნება მთავარი კონკურენტი დანარჩენებისთვის), სპილბერგის „ფოსტა“ ვარსკვლავური შემადგენლობით (სტრიპი, ჰენკსი), რომელიც სულაც არაა ცუდი ფილმი, უბრალოდ ეს სამეული ცუდ დროს ცუდ ადგილზე აღმოჩნდა, ვგულისხმობ, რომ სხვა, ბევრად უფრო ძლიერი სურათია წელს ოსკარებზე წარდგენიალი. ასევე ლუკა გუადანინოს „შენი სახელით მომმართე“, რომელიც წლევანდელი დაჯილდოვების ერთ ერთ საინტერესო, სასიამოვნო და ემოციურ ფილმად არის მიჩნეული. ვრაიტის Darkest Hour, რომელიც ჩემთვის Phantom Thread-ის დოენზე დგას:კარგია, მაგრამ არა საუკეთესო. Get out-ის აქ მოხვედრა რომ გაუგებრობაა უკვე მოგახსენეთ.

რაც შეეხება დარჩენილ სამ ფილმს, ისინი ტკბილ ლუკმად შემოვინახე. ბევრისთვის მოულოდნელი იყო Lady Bird-ის ნომინაცია, თუმცა საკრამენტოში გადაღებული ეს coming of age story ძალიან ახლობელია ყველასათვის, წინ წევს იმ განცდებსა თუ პრობლემებს რაც ადამიანს თინეიჯერობისას აქვს. ასევე გეი სიყვარული და ქალი რეჟისორი. რას გაუგებ ჰოლივუდს. არაფერია გამორიცხული. მთავარი ბრძოლა კი „წყლის ფორმა“-სა და „სამ ბილბორდს“ შორის გაიმართება. ამ ფილმებზე უსასრულოდ შემიძლია ვისაუბრო. (შეგიძლიათ იხილოთ ჩემი მიმოხილვა ორივე ფილმთან დაკავშირებით https://salokaa.wixsite.com/website).

გილერმო დელ ტოროს მორიგი რეჟისორული ნამუშევარი "The Shape of Water" კინომოყვარულებს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს. იგი კვლავაც არ ღალატობს საკუთარ სტილს და ამჯერადაც მხეცების ადამიანურობაზე და ადამიანების მხეცობაზე გვესაუბრება. სპოილერი რომ არ გამომივიდეს შინაარსს არ შევეხები, ზოგადად კი შემდეგი შეიძლება ითქვას : ფილმში მრავლადაა დელ ტოროსათვის დამახასიათებელი ხასხასა და ხავერდოვანი ფერთა გამა. ცალკე ხაზგასასმელია სულში ჩამწვდომი საუნდტრეკები (მთავარ თემას ოსკარის მოგების დიდი შანსი აქვს). სალი ჰოუკინსის თამაში კი უზომოდ კარგია. როგორც თავად ამბობს, სცენარში რამოდენიმე გვერდზე დატანილი ინფორმაცია მხოლოდ ემოციებით, ხმის ამოუღებლად უნდა ეთამაშა და ეს იოლი საქმე ნამდვილად არ გახლავთ. მისი შესრულება მართლაც რომ საოსკარეა, უბრალოდ ცუდ დროს "დაუყენეს" კონკურენტად ფრენსის მაკდორმანდი.

როგორც რეჟისორი ამბობს, მისთვის მსახიობში მთავარი მეტყველი თვალებია. სწორედ ამ ნიშნით შეარჩია მან ფილმის სამი მთავარი გმირი სალი,ოქტავია სპენსერი და მაიკლ შენონი. რიჩარდ ჯენკინსის დიდოსტატობაზე აღარაფერს ვიტყვი. "წყლის ფორმით" გილერმო დელ ტორომ სერიოზული ნაბიჯი გადადგა ოსკარისთვის რბოლაში საუკეთესო რეჟისორის კატეგორიის მოგებისაკენ. სურათი უზომოდ თბილია, აღძრავს მრავალფეროვან ემოციებს და კიდევ ერთხელ მოგვწყვეტს რეალურ სამყაროს და გადაგვაგდებს ფენტეზის ჟანრში.

რაც შეეხება „სამ ბილბორდს“, მხოლოდ ამას ვიტყვი:მარტინ მაკდონაჰს შავი კომედიების სცენარის წერა კარგად რომ გამოსდის ახალი ამბავი არაა. ამის დასტურად მისი სამი ყველაზე ცნობილი ფილმი შეგვიძლია დავასახელოთ Seven Psychopaths, In Bruges და Six Shooter. ბოლო ორი ფილმისთვის სხვა პრემიებთან ერთად ის აკადემიის ჯილდოზეც იყო წარდგენილი, უკანასკნელი ფილმის გადაღებისთვის კი ოსკარიც გადასცეს. მაკდონაჰი ფილმებს სამწლიანი ინტერვალით იღებს, თუმცა ეს ლოდინი ამად ღირს. წელს მან მსოფლიო კინომანებს ახალი ნამუშევარი წარუდგინა, ესაა ფილმი Three Billboards Outside Ebbing, Missouri / სამი ბილბორდი ებინგის საზღვართან,მისური, რომელიც კომედია სულაც არაა.

ფილმი მოგვითხრობს სასოწარკვეთილ დედაზე, რომელიც სამართლის აღდგენას საკუთარი ძალებით ცდილობს, რადგან საზოგადოებამ მისი ტკივილი დაივიწყა, პოლიცია უმნიშვნელო საქმეებითა და წვრილმან ხულიგნებთან რასისტული გარჩევებითაა დაკავებული. სწორედ ამიტომ ქალი წყვეტს თავად გააკეთოს მცირედი, რათა ირგვლივ მყოფები გამოაფხიზლოს, თემას აქტუალურობა დაუბრუნოს და მედიას და ადგილობრივ მცხოვრებლებს თავი მუდმივად შეახსენოს. ფრენსის მაკდორმანდის გასაოცარი თამაში ფილმს უზომო ხიბლს სძენს. ეს ქალი საოცრებებს სჩადის. წუთის პირველ ნახევარში შეუძლია ძალიან დრამატული იყოს, მეორე ნახევარში კი იუმორნარევი რეპლიკებით გაახალისოს მაყურებელი. სწორედ ეს შავი იუმორი, ლავირება, მიზანსწრაფულობა, შეუპოვრობა და საკუთარი საქმისადმი ერთგულება ჰქმნის მის პერსონაჟს ასე მომხიბლავს. ვფიქრობ წელს მაკდორმანდი კარიერაში მეორე ოსკარს გამოჰკრავს ხელს.

აღსანიშნავია ფილმში მონაწილე სხვა მსახიობები: ვუდი ჰარილსონი და სემ როქველი. ამ უკანასკნელის თამაში მართლაც რომ უმაღლესი კლასისაა. ფილმის დასაწყისში მაყურებლის წინაშე წარსდგება უსუსური პოლიციელი, რომელიც ყველაფერთან ერთად სასტიკი ადამიანი და ამავდროულად დედიკოს ბიჭია, რომელსაც არა თუ პრინციპები, მცირედი მორალური ღირებულებებიც კი არ გააჩნია. შესაბამისად ის მაყურებელში უარყოფით ემოციებს იწვევს. სიუჟეტის განვითარებასთან ერთად კი პერსონაჟის ხასიათი და დამოკიდებულება მოცემული რეალობის მიმართ ისეთი ადეკვატური ხდება, რომ მის მიმართ ზიზღი, თანაგრძნობაში და შესაძლოა მოწონებაშიც კი გადაგეზარდოთ. რეჟისორის ამ ჩანაფიქრის შესრულებას მისი უზადო სამსახიობო ხელოვნებით ხელს უწყობს სემ როქველი, რომელიც მართლაც რომ აღფრთოვანების ღირს შესრულებას დებს „სამ ბილბორდში“.

სწორად შერჩეული სამსახიობო ანსამბლით, დღეს დღეობით მსოფლიოში აქტუალური თემის წინ წამოწევით და მართლაც რომ შესანიშნავი სცენარით, აღნიშნულ ფილმს ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიალზე ფურორის მოხდენის ყველა შანსი აქვს. ოქროს გლობუსის დაჯილდოვებაზე ფილმმა ოთხი მთავარი კატეგორია მოიგო, ასევე მოპოვებული აქვს სხვა უამრავი ჯილდო. თუმცა ფილმი ამ ჯილდოების გარეშეც ახერხებს კინომანებში ემოციათა გამის გამოწვევას, რომელიც მისი მიმდინარეობისას იცვლება, საერთო ჯამში კი კინოთეატრიდან გამოსული მაყურებელი ნასიამოვნებია და კიდევ უფრო მეტს ფიქრობს გარშემო გამეფებულ სისასტიკეზე, იმაზე რომ ყველა ჩვენგანს შეუძლია მცირედი ქცევით არსებული რეალობის შეცვლა და რომ ნებისმიერ სიტუაციაში ადამიანად უნდა დარჩე.

 
 
 

Comments


Single post: Blog_Single_Post_Widget
bottom of page